„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, შემოდგომაზე პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა. ამის შესახებ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოში ხორბლის საკმაოდ კარგი მოსავალი მოვიდა, ხარისხითაც კარგია. მსოფლიოს ბირჟებზე ხორბლის ფასი 230-240 -250 დოლარია. შარშან ამ დროს ფასი 300 დოლარზე იყო ასული. ჯერჯერობით, სტატისტიკა კარგია. ვთვლი, რომ თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები იმუშავებს, თუ საქართველოში გარკვეული რაოდენობის ფქვილი შემოვა და არა – ხორბალი, ხორბალიც რომ შემოვიდეს, ვთვლი, რომ ფასი სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრამდე არ უნდა გაიზარდოს. შემდეგ არ ვიცით, შევხედოთ. არ მგონია, რომ შემდეგაც მდგომარეობა გაუარესედეს“, – განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, ამჟამად, ზოგიერთი სახეობის პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, არის ქსელური მაღაზიები, სადაც ფასი კიდევ უფრო მომატებულია.
„ბოლო ხანებში პურ-პროდუქტებზე ფასები 10 თეთრით გაიზარდა – ზოგიერთ ნაწარმზე, არ ვამბობ, რომ მასობრივად. იცით, რომ სუბსიდირების პროგრამა მოქმედებედა. 1 -ელი რიცხვიდან სუბსიდირება დასრულდა. ფქვილის ფასი, რომელსაც ჩვენი წარმოებები იღებენ, 60 ლარის ფარგლებშია. სუბსიდირებული ფქვილი კი 53 ლარი ღირდა. ჩვენ ტომარა ფქვილს 50 ლარადაც მოვითხოვდით, რადგან ენერგომატარებლებისა და წყლის ფასი გაიზარდა. ჩვენ პროდუქციის თვითღირებულებაში უნდა ჩავმჯდარიყავით. სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, ფასის ეს 10 -თეთრიანი მატება სწორედ ამ განსხვავებამ გამოიწვია.
კორონავირუსის სიტუაციასთან დაკავშირებით ყველა პური შეფუთული გამოდის, არის შეფუთვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის ხარჯები. სულ 2 დღის წინ ტელევიზიით გაჟღერდა, რომ ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, შესაფუთი მასალისა და საწვავის ფასების გაზრდის გამო, პურის ღირებულებამ 12 %-ით მოიმატა. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ ვითარებას: მინდა, ყველაზე თავსატკივარი მომენტი გითხრათ, რომელიც ვაჭრობასთან ურთიერთობაში გაგვაჩნია. ბევრი ქსელური მაღაზიაა, რომელიც იმ 10 -თეთრიან სხვაობას კიდევ თავის დანამატს უმატებს. ეს მოსახლეობაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. როგორც შევიტყვე, „ნიკორას“ ქსელში პურზე ფასი 15 თეთრით მოუმატეს. ფასების მომატების შემთხვევები სხვა ქსელებშიც იყო. მიმაჩნია, რომ დღეს ეს არასწორი ნაბიჯია. პურის მწარმოებლები ვზარალდებით, რადგან შემდეგ ფოკუსირება ჩვენზე მოდის“, – განაცხადა დოლიძემ.
თამუნა შეყილაძე