“საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისა და ფასეულობებისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი.
„ეს ფორმატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის მაგალითი და დასტურია, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარადაუვალი. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად არა მხოლოდ განვაახლებთ, ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ამ ღონისძიებას უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი. უპირველესად, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება – საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისა და ფასეულობებისგან.
ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.