სალომე სამადაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი პროტესტის ფონზე უმნიშვნელოვანესი სხდომა გააუქმა
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის პოლიტიკური შესაძლებლობა ამოწურა.
სამადაშვილმა პარლამენტში გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა ქვეყნის მართვის პოლიტიკური შესაძლებლობა, რადგან ძალიან მშვიდობიანი პროტესტის ფონზე გადაწყვიტა, გაეუქმებინა უმნიშვნელოვანესი სხდომა, სადაც ჩვენი საზოგადოება შეკითხვებზე პასუხს ელოდა, თუ რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ 5 ივლისს დაეცვა საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.