გიორგი მარგველაშვილი: ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საზოგადოების აქტიურობა ხელისუფლების შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვანია.
“ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს. შესაბამისად, თუ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ ჩვენი უფლებები მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად“, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. მონაწიელეები ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.