გიორგი თარგამაძე: გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი.
გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი, – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, ვინაიდან მან როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაცია დაკარგა.
„ეს არის ერთის მხრივ, ქართული მედიის და ქართული საზოგადოების ერთობლივად და მეორეს მხრივ, არის მონიშვნა იმ ვითარების, რომელშიც მთელი ქვეყანა ვიმყოფებით. მე პირადად, ნამდვილად მაქვს იმის შეგრძნება, რომ ყველანი ერთ დიდ ავტობუსში ვსხედვართ, რომლის საჭესთანაც მთვრალი მესაჭე ზის, რომელიც სრულიად არაადეკვატურად იქცევა და მოსახვევში შეიძლება გადაგვჩეხოს. ასეთი მესაჭე დღეს, კონსტიტუციურად სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილია, ამიტომ ვურჩევ და თხოვნითაც მივმართავ „ქართული ოცნების” მომხრეებს, პოლიტიკურ აქტივს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი.
ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილი უახლოეს პერიოდში უნდა გადადგეს და გადადგება, რადგან მან დაკარგა უკვე როგორც შიდა ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ღარიბაშვილი თავის რამდენიმე სრულიად არაადეკვატურ მხარდამჭერთან ერთად ბრალდებებს უყენებს აშშ-ს და ევროკავშირს, ამაზე შორს სად უნდა წავიდეთ, რა უნდა მოხდეს“, – განაცხადა თარგამაძემ.
პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. მონაწიელეები ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.