პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებული აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მოწყობილია სცენა და შეკრებილნი არიან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა“.

„პრემიერ-მინისტრმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკული შეკითხვების და ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს. ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მინდა ვუსურვო მათ, რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. ის საერთაშორისო რეაქციები, რაც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამის საპასუხოდ, ლამის აშშ-ს ელჩს და სახელმწიფო მდივანს აბრალებენ, რომ „ნაციონალია”. გვიპასუხებენ თუ არა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, ლექსოს სურათი მათ ყოველთვის ექნებათ წინ. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებელი პირების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გუშინ შოუ მოგვიწყვეს, მოძალადეთა ლიდერების სახლებში ჩხრეკები და დაკითხვაზე გადაიყვანეს, რა არის გამოსაძიებელი? ვის ატყუებენ, ეს მოძალადე ჯგუფები რეალურად არის ,,ქართული ოცნების” იატაკქვეშა დაჯგუფება”, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები