სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების 19 ივლისს საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა.
„მოხარული ვარ, მივესალმო ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით, 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.
კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.