თამარ ტალიაშვილი: მედიაში არასაკმარისი სივრცე ეთმობა განათლების, მეცნიერების, კულტურის საკითხებზე მსჯელობასა და გაშუქებას
“მედიაში არასაკმარისი სივრცე ეთმობა განათლებისა და მეცნიერების, კულტურის საკითხებზე მსჯელობასა და გაშუქებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სასურველია, ქართულ მედიაბადეში მეტი დრო ეთმობოდეს განათლებას, კულტურას, მეცნიერებას.
,,ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაში არასაკმარისი სივრცე ეთმობა განათლებისა და მეცნიერების, კულტურის საკითხებზე მსჯელობასა და გაშუქებას.
მედია საზოგადოების პასიური სარკე არ არის. მედია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი მედიუმია ცნობიერების ამაღლების, ადამიანის ფსიქო-ემოციური, ინტელექტუალური განვითარების.
განათლებისა თუ განათლებულობის, კულტურისა თუ კულტურულობის საკითხებზე სჯა-ბაასი განათლებისა და კულტურის ეკოსისტემის ნაწილია.
ვისურვებდი, ქართულ მედიაბადეში მეტი დრო ეთმობოდეს განათლებას, კულტურას, მეცნიერებას,” – წერს თამარ ტალიაშვილი.