ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზეც
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 31% (2864152), ჩინეთი – 10% (2762922), ლიეტუვა – 38% (245940), ლატვია- 2% (809106), აშშ – 35% (502353), გერმანია – 4% (364459), ესტონეთი – 3% (348538) და დიდი ბრიტანეთი – 60% (283 830),- ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს – 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.
მიმდინარე წლის ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 87% (149290), შვედეთი – 48% (61972), ყაზახეთი – 61% (1911844), ისრაელი – 63% (273860), აზერბაიჯანი – 41% (133391), თურქეთი 115% (30930), უკრაინა – 15% (5259909), რუსეთი – 8% (28027286), მონღოლეთი – 261% (232920) და ა.შ. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 322-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, ექსპორტირებულია 16 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 11%). ექსპორტირებულია 398 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 77% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1 მლნ აშშ დოლარს აღწევს – ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.
მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.