გია ვოლსკი: საკანონმდებლო თვალსაზრისით ყველაფერი გაკეთდა, რათა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა გამჭვირვალე ყოფილიყო
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს სჭირდება მოსამართლეები და მათ შესაფასებლად მათთან გასაუბრებაა საჭირო.
მისივე თქმით, საკანონმდებლო თვალსაზრისით გაკეთდა ყველაფერი, რათა კანდიდატების შერჩევა ყოფილიყო გამჭვირვალე და მაღალ საერთაშორისო სტანდარტს დაქვემდებარებული.
„ფაქტია, რომ სახელმწიფოს სჭირდება მოსამართლეები და მათ შესაფასებლად მათთან გასაუბრებაა საჭირო. საკანონმდებლო თვალსაზრისით გაკეთდა ყველაფერი, რათა კანდიდატების შერჩევა ყოფილიყო გამჭვირვალე და მაღალ საერთაშორისო სტანდარტს დაქვემდებარებული. თუ ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებ, გარკვეული პოლიტიკური მიზნები გაგაჩნია. თუ პრეტენზია გაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ან ლაპარაკობ „კლანზე“, ნეპოტიზმზე, კეთილი უნდა ინებო და დაამტკიცო, საზოგადოებას უნდა დაუმტკიცო, რომ წარმოდგენილი კანდიდატურა არის უღირსი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.