მარინა კალიურანდი: ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ივლისის დასაწყიში გაიმართება
“ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ივლისის დასაწყიში გაიმართება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე.
„ჩემი ინფორმაციით, ევროპარლამენტარების ვიზიტი გაიმართება ივლისის დასაწყიში საქართველოში. იქნება ასევე ჟან მონეს დიალოგის შეხვედრა, რაზეც ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მოლოდინებს. ძალიან მალე დაიწყება მზადება სამიტისთვის, რომელიც ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე და ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება რეფორმებზე. ყველაფერი თქვენს ხელშია. აქცენტი გავაკეთოთ მნიშვნელოვან საკითხებსა და ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც მიგვიყვანს მიზნამდე მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. ასოცირებული ტრიოს დაფუძნებას ვულოცავ სამივე ქვეყანას. ძალიან კარგი იდეა იყო და გვიხარია, რომ ეს ფორმატი უკვე მუშაობს, ფუნქციონირებადია, არაჩვეულებრივი პლატფორმაა და ეფექტიანი იქნება. სამიტის დეკლარაციის არსებით შინაარსზე მოლაპარაკებები იქნება. მე მოვუწოდებ ყველას, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა გავცვალოთ იდეები, ინიციატივები და გავაღრმაოთ ურთიერთობები. აქცენტი გავაკეთოთ მთავარზე, არსებითზე და ამისთვის მაქსიმალური ენერგია და რესურსი ჩავდოთ“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.