„თუ ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედს ვიყენებთ, შეჯახების დროს გადარჩენის შანსი 70 %-ია“ – გელა კვაშილავა

“უამრავი კვლევით დასტურდება: ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დადასტურებულია, რომ საგზაო- სატრანსპორტო შეჯახების დროს ფატალური შემთხვევისგან გადარჩენის შანსი 70 %-ია”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვაშილავამ ის საკანონმდებლო წინადადება შეაფასა, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს.

„ამ კანონპროექტის პარლამენტში შეტანას ცალსახად მივესალმებით. ჩვენი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში უკვე დიდი ხანია, საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობს და ერთერთი მთავრი მიმართულება სწორედ ისაა, რაც უსაფრთხოების ღვედს შეეხება, ასევე, ბავშვთა სავარძლების შესახებ კანონმდებლობის დახვეწის საკითხია.

იცით, რომ 2010 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც წინა სავარძლებზე ღვედის გამოყენების ვალდებულებას ეხებოდა. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც ადასტურებს.

როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ არსებობს უამრავი კვლევა იმის შესახებ, რომ უკანა სავარძლებზე ღვედის ტარება, შეიძლება ითქვას,  კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დადასტურებულია, რომ საგზაო სატრანსპორტო შეჯახების დროს ფატალური შემთხვევისგან გადარჩენის შანსი 70 %-ია.
როცა მანქანით 80 კილოგრამი წონის ადამიანი გადაადგილდება და შეჯახება ხდება, შეიძლება, რომ ადამიანი გადავარდეს. გადაგდების ძალა წონაზე 5- ჯერ მეტია. 80 5-ზე რომ გავამრავლოთ, გამოდის, რომ 400 კილოგრამის ძალის წონით ხდება შეჯახება. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალაზეა საუბარი! “, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, 10 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ ავტომაქნანების მოძველებული პარკი გვქონდა.

როგორც კვაშილავამ აღნიშნა, ახლა ავტოპარკი განახლებულია და ღვედები თითქმის ყველა მანქანას აქვს.

„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა მითებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს. მითია ის, რომ, თითქოს, დაბალ თუ მაღალ სიჩქარეზე ღვედი არ მუშობს. ხშირად ამბობენ, რომ თუ ხანძარი გაჩნდება, ღვედის ტარება უფრო საშიშია. ესეც მითია. როცა უფრო დაცულია, ადამიანი შეჯახების დროს გონებას არ კარგავს. ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ღევდის არგამოყენების დროს არსებობს, გადავარდნაა. ეს უკვე ძალიან დიდი ტრავმაა. ღვედის ფუნქციაა ის, რომ პირველადი შეჯახების დროს დაგვიცვას.

ასევე, მითია, რომ თუ უსაფრთხოების ბალიშებია, მაშინ ღვედი არ გვჭირდება. ამ დროს კი პირიქითაა.
პარლამენტში საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე კანონპროექტია შეტანილი: მართვის მოწმობასთან, მოპედებთან, სიმთვრალესთან დაკავშირებით. გვინდა, გვთხოვოთ პარლამეტარებს, რომ ეს კანონიც და სხვა კანონებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ.

10 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ ავტომაქანების პარკი ძველი გვქონდა. ახლა კი განახლდა, თითქმის, ყველა მანქანას აქვს ღვედები“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, თუ გვსურს, ქვეყანაში გამართული, უსაფრთხო გადაადგილება გვქონდეს, კანონების დახვეწა აუცილებელია.

„ასევე, როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე: პირველი, რასაც სააგენტოები აფიქსირებენ, უსაფრთხოების ინდექსია. როცა ჩამოდიან და ხედავენ, რომ ეს საკითხი მოუწესრიგებელია, შემდეგ ბევრი უარს ამბობს სტუმრობაზე. ყველასთვის სიცოცხლეა მნიშვნელოვანი. ეკონომიკა, ჯანდაცვა, ყველაფერი უსაფრთხო გადაადგილებაზეა მიბმული. თუ გვინდა, ქვეყანაში გამართული, უსაფრთხო გადაადგილება გვქონდეს, კანონების დახვეწა აუცილებელია.

უკანა სავარძელზე ღვედთან დაკავშირებით კანონი მსოფლიოს 112-ზე მეტ ქვეყანაშია მიღებული. თუ ამ კანონებს მივიღებთ, ეს ქვეყნის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, იმიჯს მნიშვნელოვანდ გაზრდის“, – განაცხადა კვაშილავამ.

ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო უნდა იყოს, – ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოქალაქე დავით მებაღიშვილმა პარლამენტში შეიტანა.

„ჩემ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოქალაქის სიცოცხლის დაცვასა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლში წერია, რომ მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის ღვედის გამოყენება სავალდებულოა. საკანონმდებლო წინადადებაში უშუალოდ შეტანილია, რომ ყველა ღვედი, რომელიც მანქანაშია, გამოყენებული უნდა იყოს“, – განაცხადა მებაღიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები