ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონსტიტუციის მოთხოვნებთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კანონმდებლობა და ამას ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა.
„რაც შეეხება ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვას, ეს მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი და ამ ღალატს უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ ღალატს ენიჭებოდა მნიშვნელოვანი როლი იმ ჯაჭვში, რომელმაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოიტანა ჩვენი ისტორიული რეგიონის, სამაჩაბლოს, ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები, მათ შორის, ერთ-ერთი იყო სწორედ მაშინდელი სააკაშვილის რეჟიმის წახალისებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ხელშეწყობით. ამას დაემატა შემდეგ კანონის მიღება, პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა. პირდაპირ ასე უწოდებდნენ და დღემდე ასე ეწოდებოდა, კანონებშიც კი – „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. მათ აღადგინეს ის სახელწოდება და საზღვრები, რომელიც გაუქმდა 1990 წლიდან. ამ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებს მინისტრები ეწოდებოდათ. ხელმძღვანელს ეწოდებოდა პრეზიდენტი და ეს იყო ხელდასმული სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭეს სეპარატისტულ მთავრობას მაშინ და ამან გააადვილა ის, პროცესები, რომელმაც შედეგად მოიტანა ჩვენი ქვეყნის კონკრეტული რეგიონის, ისტორიული მხარის ოკუპაცია. ეს იყო ღალატი. ამ ღალატს, რა თქმა უნდა, სჭირდება შემობრუნება და დაუშვებელია, რომ ის, რაც იყო ღალატის შედეგი, ჩვენ დაგვრჩეს კანონმდებლობაში. ჩვენ კონსტიტუციის მოთხოვნებთან უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში ჩვენი კანონმდებლობა და სინამდვილე და სწორედ ამას ემსახურება ის უპირობო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა პრემიერმა.