ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად, სპეციალური ღონისძიებების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც ხდება კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელიც მთავრობას პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად შესაბამის ბერკეტებს აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1-ელ ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, – განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.

ცვლილებები ასევე შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“.

ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები.

კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაზა ლომინაძის, ირმა ზავრადაშვილისა და დავით სერგეენკოს საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლებიც გამარტივებული წესით განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები