გირშელ ბერძულმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

გირშელ ბერძულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„ყველა სიტუაციას და მდგომარეობას აქვს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო, ამ ორგანიზაციაში ბოლო დროს ეს ხაზები ძალიან უხეშად გადაიკვეთა. მე და ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი არ იბრძოდა ამდენი წელი იმისთვის, რომ პარტიაში უფრო მეტად ყოფილიყვნენ დაფასებული გრიგოლ ვაშაძის და სალომე სამადაშვილის მსგავსი უპრინციპო, ასევე გუბაზ სანიკიძის მსგავსი ბინძური პოლიტიკოსები, კოლაბორაცია შემდგარიყო რუსულ ხელისუფლებასთან გარიგებულ „ალეკო ელისაშვილებთან” და ასე შემდეგ“, – წერს გირშელ ბერძული და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს ასახელებს.

მისი თქმით, მსგავსმა ტაქტიკამ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არა პროგრესი, არამედ რეგრესი მოუტანა და შედეგიც სახეზეა. გირშელ ბერძული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიუღებელ და არასერიოზულს უწოდებს.

„მივიღე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილება. 17 წლის ვიყავი, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებს შევუერთდი, რადგან ეს იყო ძალა, რომელმაც მიშა სააკაშვილის მეთაურობით დაიწყო განადგურებული საქართველოს ჭაობიდან ამოყვანის პროცესი. ქვეყნის გადარჩენის პროცესში ჩართვა ჩემი თაობის ახალგაზრდობისთვის ერთგვარი სტიმული იყო, რადგან ბავშვობის ყველაზე ლაღი წლების მწვანე პურის რიგში გატარების შემდეგ პროგრესის ალტერნატივა გაჩნდა. ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გაკეთდა, როდესაც ცოტაოდენი პოლიტიკური გამოცდილება მომემატა, საპასუხისმგებლო დავალებების შესრულებაც დამევალა ამ ორგანიზაციაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში. ბევრ ახალგაზრდულ პროექტზე ვმუშაობდი ტყიბულელ ახალგაზრდებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ბევრი რამ იყო, ძალიან ბევრი…

მერე იყო 2012 წელი, რუსეთის მხარდაჭერილი ძალების ხელისუფლებაში მოსვლის წელი, საიდანაც დაიწყო ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა, ყველა ინსტიტუციის ჩამოშლა და დეგრადაცია, საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი პირობების ისევ ხელიდან გამოგლეჯა და რუსეთის კოლონიად გადაქცევის პროცესი. ჩემი თაობა, რომელსაც წილად ხვდა დაბადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ეპოქაში, ისევ აღარ შეეგუებოდა რუსულ ჩექმას, რომელმაც ბავშვობის ყველაზე ძვირფასი წლები ჩაგვიშხამა. განვაგრძეთ ბრძოლა. ეს მანდატი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ჩემივე მოთხოვნით ავიღე 2014 წელს, მაშინ, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა ოპოზიციაში. ეს ერთი პლასტიკური ბარათი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მინდოდა ერთგვარი მტკიცებულება ყოფილიყო იმისა, რომ არაფერს შევუშინებივარ, პირიქით, გამიორმაგდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ძალა და სურვილი. ბევრი რამ მოხდა ამ ბრძოლის 9-წლიან პერიოდში, ბევრი შავი და ბევრი თეთრი გამოჩნდა.

არ იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი, დიდხანს ვფიქრობდი, ვაკვირდებოდი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ვხვდებოდი, რომ ეს ის ბრძოლის სწორი მეთოდი აღარ იყო, რაც ამ რუსულ პროექტს დაამარცხებდა. ბევრი განსაცდელი გავიარე, თქვენ წარმოიდგინეთ და ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან მწარე კრიტიკასაც ვისმენდი, არც ისე მარტივად მოსასმენს, მაგრამ ამ კრიტიკაზე მეტი და ყოველთვის ყველაფერზე მეტი, ჩემი სამშობლოს მიმართ სიყვარული იყო, არის და იქნება. ყველა სიტუაციას და მდგომარეობას აქვს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო, ამ ორგანიზაციაში ბოლო დროს ეს ხაზები ძალიან უხეშად გადაიკვეთა.

მე და ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი არ იბრძოდა ამდენი წელი იმისთვის, რომ პარტიაში უფრო მეტად ყოფილიყვნენ დაფასებული გრიგოლ ვაშაძის და სალომე სამადაშვილის მსგავსი უპრინციპო, ასევე გუბაზ სანიკიძის მსგავსი ბინძური პოლიტიკოსები, კოლაბორაცია შემდგარიყო რუსულ ხელისუფლებასთან გარიგებულ „ალეკო ელისაშვილებთან” და ასე შემდეგ.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მსგავსმა ტაქტიკამ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არა პროგრესი, არამედ რეგრესი მოუტანა და შედეგიც სახეზეა.

პირდაპირ ვიტყვი იმასაც, რომ ამ ბრძოლაში, ჩემთვის პირადად არც ნიკა მელიაა ნელსონ მანდელა და არც სხვა კონკრეტული პოლიტიკოსი გმირი, გმირები ჩემთვის არიან ადამიანები, სხვადასხვა თაობის გულანთებული სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსული დავალებით ქართული იარაღებიდან მათ მიმართ ნასროლ ტყვიებს. ვიღაცას შეიძლება ეგონოს ნიჰილიზმს ვთესავ, არა მეგობრებო, მირჩევნია ისევ მე მომხვდეს ტალახი ამ ჩემი გადაწყვეტილების გამო და ადამიანები მოვიდნენ აზრზე იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სწორად ბრძოლა შეძლონ.

თუ ვინმე ამ ჩემს გადაწყვეტილებას ღალატს უწოდებს, მათი პოზიციის პასუხად მექნება ის, რომ მუდმივად იქნებიან მორჩილი ცხვრები, რომელთაც პოლიტიკოსების „დაკრულზე შეეძლებათ ცეკვა”. იცოდეთ, თუ აზრზე არ მოვიდა საზოგადოება და მუდმივად უქნია თავი პოლიტიკოსების არასწორ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, შარლ მიშელი კი არა, თვით მამა ღმერთიც ვერ გადაგვარჩენს. ჩემთვის, როგორც ამ ორგანიზაციის ერთგული წევრისა და ამომრჩევლისთვის, მიუღებელი და არასერიოზულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება და ის მიზეზი, რომ ყველა მხრიდან წერტილოვანი დარტყმებით დაამარცხებენ „რუსულ ოცნებას”. ამისთვის პარლამენტშიც იყავით 9 წელი და ქუჩაშიც ვიდექით ყველა თქვენთან ერთად ამ სიბოროტის წინააღმდეგ, დაგვიჭირეს, რა აღარ გვიქნეს, მაგრამ თქვენ მაინც ვერ ან არ მიაგენით ბრძოლის სწორ ტაქტიკას და არ მოუსმინეთ ყველაზე ფასეულს, თქვენს ელექტორატს, რომელთა მხრებზედაც დგას ეს ორგანიზაცია. შედეგიც ვერ დადგა.

პოლიტიკაში კომპრომისები მოსულა, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ის შენს ფასეულობებს უხეშად ეხება. სწორედ ამ ფასეულობებზე უხეშად შეხების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრისა და ნერვიულობის შემდეგ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გატარებული 16 წლის თავზე.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით ქათამაძეს და ამ ორგანიზაციის ყველა ერთგულ წევრს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში მომიწია მუხლჩაუხრელად ბრძოლა.

წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც არ დანებდება რუსეთს, მე კი ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები ჩემი სამშობლოს წინაშე ერთ რიგით ჯარისკაცად, რომელიც იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ერთგულების სახელით“, – წერს გირშელ ბერძული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები