გივი მიქანაძე – ,,ნაცმოძრაობაზე”: თუკი ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება
“თუკი ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ, „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავის დაძვრენას ცდილობენ.
„როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, ისინი ცდილობენ, თავი რაღაცით დაეძვრინათ. თუკი ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ, „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება ამ დოკუმენტთან და პირადად ჩემთვის ეს მიუღებელი იქნება. თუ პასუხისმგებლობას იღებენ, მთლიან დოკუმენტზე უნდა აიღო. თუ პასუხისმგებლობას იღებ დასავლურ ღირებულებებზე, უპირობოდ უნდა დაეთანხმო დოკუმენტს ისე, როგორც მმართველმა გუნდმა გააკეთა და ამით შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის პარტიებს გათავისუფლებულიყვნენ, რასაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მათ უქმნიდა და არ აძლევდა საშუალებას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებულიყვნენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.