არჩილ თალაკვაძე: დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი
დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის.
“კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ურბანულ პროექტებს და გამწვანებას თბილისის განვითარების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა. თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა. დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.
კეთილმოწყობილი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი; კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი, ხოლო ერთ-ერთზე გზის დამჭერი კედელი; დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება; დედაენის ბაღში მოეწყო სკეიტპარკი, სავარჯიშო სივრცე, შადრევანი, საბავშვო მოედანი და ძაღლების სასეირნო სივრცე; მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრეთათვის მოეწყო სავაჭრო სივრცეები.
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 27 მლნ ლარამდე შეადგინა.