ირაკლი ღარიბაშვილი დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნაზე: მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს

მე მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძემ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ევროპული ხელწერა და სტანდარტი შემოიტანა.

„ვუყურებთ რა, ამ განახლებულ 9 მარტისა და დედაენის პარკებს, არ შემიძლია ემოციებით არ გადმოვცე ის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. კახამ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რომელიც არის ნამდვილად ევროპული. მან, თავისი შრომით, თავისი ნიჭიერებით, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენს დედაქალაქში, ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, ბევრი რეკრეაციული სივრცე მოაწყო და აჩუქა ჩვენს ქალაქს. მადლობა მას ამისთვის, მადლობა კახა. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, თქვენ უყურებთ, ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი იმისა, თუ როგორ ვითარდება, როგორ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ამაშიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, პირადად კახას ხედვა, მისი უნარები და მისი გუნდის. მე ვიცი, რომ მას აქვს ძალიან ბევრი პროექტი დაგეგმილი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, გამწვანების, ეკოლოგიის მიმართულებით. მე მინდა, მას წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს!”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

კეთილმოწყობილი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი; კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი, ხოლო ერთ-ერთზე გზის დამჭერი კედელი; დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება; დედაენის ბაღში მოეწყო სკეიტპარკი, სავარჯიშო სივრცე, შადრევანი, საბავშვო მოედანი და ძაღლების სასეირნო სივრცე; მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრეთათვის მოეწყო სავაჭრო სივრცეები.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 27 მლნ ლარამდე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები