ევროკავშირში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საქართველო-უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას

ევროკომისიამ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

„ევროკავშირი კვლავ ატარებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი პირდაპირ სამხედრო და ჰიბრიდულ მოქმედებებს ახორციელებს გადაუჭრელი კონფლიქტების მიმართ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე, ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, სირიასა და ლიბიაში.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას, მათ შორის, თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები