თამარ ტალიაშვილი: როდესაც მთელი მსოფლიო С ჰეპატიტს ამარცხებდა, “ნაციონალებმა” С ჰეპატიტის პანდემიაში შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა

“თუ არჩევნებზე საკუთარი მარცხის გამო პარტია საბოტაჟს უწყობს ხალხს, დიახ, საჭიროა ამის პრევენციული მექანიზმების დანერგვა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მრავალპარტიული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სპექტრის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ პარადოქსულ განცხადებებს, რომელიც ასე დამახასიათებელია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიებისთვის. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მართლაც პარადოქსი იყო ის, რომ საქართველო ასახელეს არა მაგალითად ჯანდაცვის სისტემით, არამედ იმით, რომ ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

როდესაც მთელი მსოფლიო С ჰეპატიტს ამარცხებდა, მათ С ჰეპატიტის პანდემიაში შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა.
დავით სერგეენკოზე გაქვთ შენიშვნები, სწორედ მისი დიდი წვლილია, რომ ასეულობით ათასმა მოქალაქემ მიიღო ის სერვისი, რომელსაც მოწყვეტილი იყო მათი ხელისუფლების პერიოდში.

არ მიყვარს იმ წარსულის გახსენება, თუმცა როცა თქვენ განათლებას ეხებით, ბუნებრივად გამახსენდა თბილისში კიევის ქუჩაზე თქვენს მიერ დაკეტილი ბაგა-ბაღი, სადაც თქვენივე ნაციონალური მოძრაობის პარტიული საარჩევნო ოფისი გახსენით – ეს უბრალოდ გამახსენდა, ჩვენ შევძელით და მოვახდინეთ ამ ბაღის და ათეულობით სხვა ბაღის რეაბილიტაცია და ბავშვებისთვის დაბრუნება.
ჩვენ ასევე შევძლებთ კოვიდის დამარცხებას და სხვა გამოწვევების დაძლევას, უბრალოდ უნდა აცადოთ ხალხს.
იმისათვის, რომ თქვენ და სხვა დესტრუქციულმა ძალამ აცადოს საზოგადოებას განვითარება, საჭიროა სწორედ ასეთი კანონპროექტების და სამართლებრივი მექანიზმების მიღება, იმისათვის რომ როცა მსოფლიოში პანდემია და ტოტალური კრიზისია, ქვეყანაში არეულობის საფუძველი არ შექმნა, არ იყო დესტრუქციაში შენი ხალხის წინააღმდეგ.

თქვენ ამბობთ, რომ ეს არის „რეპრესიული კანონი“ და „სანქცია არისო“ – მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. თუ არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური კრახის და მარცხის გამო პოლიტიკური პარტია სჯის ხალხს, მას საბოტაჟს უწყობს, საკუთარ ამომრჩეველს გაურკვეველ სიტუაციაში ამყოფებს, დიახ, საჭიროა პრევენციული მექანიზმების დანერგვა და სწორედ ამას გვთავაზობს ეს კანონპროექტი.
ის, რომ ეს კანონპროექტი არ მოგწონთ, გასაგებია ხალხისთვის, მაგრამ ასევე უნდა აუხსნათ თქვენი პოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას, სწორედ ევროპარლამენტარები იყვნენ ძალიან ხმამაღალი თავის განცხადებებში, როდესაც სიტყვა-სიტყვით ამბობდნენ, რომ პარლამენტარმა თავის მანდატი უნდა განახორციელოს პარლამენტში.

უნდა იცოდეთ, რომ როცა ასეთ პარადოქსულ განცხადებებს აკეთებთ საზოგადოებას ექნება საპასუხო რეაქცია.
მინდა ვისურვო, რომ საქართველოს ისტორიაში არ იყოს პერიოდი როდესაც მსოფლიო გამოწვევის პერიოდში ქართველი ხალხი დადგება ისეთი გამოწვევების წინაშე, რაშიც დააყენეთ თქვენ და რაც დასრულდა პარლამენტში შემოსვლით.

თქვენ არ გაინტერესებთ არც ჯანდაცვა, არც ბავშვების ბედი, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ პოპულიზმი და ამაზე მეტყველებს ეს ცარიელი სკამები.
ჩვენ უნდა მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მრავალპარტიული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სპექტრის განვითარებას”, – განაცხადა ტალიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები