„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა.
„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა. მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა. აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის, 15 ივნისს პირველი მატარებელი, ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით, დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან, ტრადიციულად, ტურისტები ჩამოვლენ და საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ადგილებს ესტუმრებიან. ასევე, თურქეთიდან საზღვარზე გადაადგილება შეუფერხებლად გრძელდება. სტუმრები აქედანაც შემოდიან. ტურისტების რაოდენობა მომატებულია უკრაინიდან. მათ როგორც საჰაერო, ისე – შავი ზღვის გავლით გვესტუმრონ. როგორც ვიცით, აზერბაიჯანში სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს, თავიანთი მოქალაქეების შემოშვებაზე, მიღების წესების გამარტივებაზე მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და შევძლებთ, საქართველოში, ტრადიციულად, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეზობლებს, ტურისტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.