2019 წლის 19 – 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა გრძელდება
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტში, იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს, დაზუსტება შევიდა, რომლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19 – 21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე”.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ამ ცვლილებებით ხდება ე.წ. ჩაკეტვა და ამნისტია, პროექტში მითითებული დღეების გარდა, არ გავრცელდება სხვა პერიოდზე.
პროექტში ჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პირი, რომლის მიმართაც გავრცელდება აღნიშნული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.
ანრი ოხანაშვილის განაცხადებით, პროექტში გაჩნდა ახალი მუხლი, რომლის თანახმად: „პირს, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე”.
ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.