ეპშტეინის ანდერძი გასაჯაროვდა — ის მეგობარ ქალს „პედოფილების კუნძულს“, 50 მლნ დოლარსა და ბრილიანტის ბეჭედს უტოვებდა

ჯეფრი ეპშტეინს სურდა, თავისი მეგობარი ქალისთვის 50 მილიონი დოლარი, 33-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, ე.წ. „პედოფილების კუნძული“ და ნიუ-იორკის სახლი დაეტოვებინა. ამას მოწმობს ანდერძი, რომელსაც მან ხელი გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მოაწერა.

ის გეგმავდა, რომ თავისი 288-მილიონიანი ქონება და საერთაშორისო უძრავი ქონების კოლექცია, სულ მცირე, 44 სხვადასხვა ბენეფიციარისთვის გაენაწილებინა. ანდერძი ეპშტეინმა 2019 წლის 8 აგვისტოს შეადგინა — სულ რაღაც ორი დღით ადრე, სანამ მას ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაცვლილს იპოვიდნენ, სადაც ის, სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით, სასამართლო პროცესს ელოდა. დოკუმენტი ეპშტეინის ადვოკატმა, დარენ ინდიკემ, ძალაში შესვლის მიზნით, საკუთარი ხელმოწერით, კლიენტის სიკვდილიდან რვა დღის შემდეგ დაამოწმა.

თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ბენეფიციარებს მილიონები მიეღოთ, მისი ქონება სამეურვეო ფონდს გადაეცა და მას შემდეგ მსხვერპლთა კომპენსაციისთვის, გადასახადებისა და იურიდიული ხარჯების დასაფარად გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, საწყისი თანხიდან მხოლოდ 127 მილიონი დოლარია დარჩენილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული „ეპშტეინის საქმის“ ახალი მასალების მიხედვით, ეპშტეინს იმედი ჰქონდა, რომ თავის მეგობარ ქალს, წარმოშობით ბელარუს კარინა შულიაკს, 50 მილიონ დოლარს გადასცემდა. ვარაუდობენ, რომ შულიაკს ეპშტეინთან 8-დან 10 წლამდე ხანგრძლივობის ურთიერთობა აკავშირებდა.

გარდა ამისა, მას სურდა, შულიაკისთვის ეჩუქებინა სკანდალურად ცნობილი კუნძული, „ზორო რანჩოს“ მამული, ნიუ-იორკის ცნობილი სახლი და ქონება პარიზსა და ფლორიდაში. ანდერძში, ასევე, ფიგურირებდა 33-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც პლატინაში იყო ჩასმული. ეპშტეინმა დოკუმენტზე ხელნაწერი მინაწერიც დატოვა, სადაც აღნიშნავდა, რომ ბეჭედი „ქორწინების განზრახვით“ იყო შეძენილი.

კარინა შულიაკი

ანდერძის მიხედვით, ადვოკატ დარენ ინდიკეს 50 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, ხოლო ეპშტეინის ბუღალტერს, რიჩარდ კანის — 25 მილიონი. მის დიდი ხნის პარტნიორს, გილეინ მაქსველს, რომელიც ამჟამად სექსუალური ტრეფიკინგისთვის 20-წლიან სასჯელს იხდის, 10 მილიონი დოლარი ერგებოდა. ამავე რაოდენობის თანხა უნდა მიეღოთ მის ძმას, მარკ ეპშტეინს და პილოტ ლარი ვიზოსკის.

კარინა შულიაკი ბოლო ადამიანი იყო, ვისაც ეპშტეინი თვითმკვლელობამდე ტელეფონით ესაუბრა. ციხის ჩანაწერები მოწმობს, რომ სიკვდილამდე 11 დღით ადრე მან ეპშტეინი საპატიმროში მოინახულა. შულიაკი ასევე იმყოფებოდა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავში 2019 წლის ივლისში, როდესაც FBI-მ ფინანსისტი პარიზიდან დაბრუნებისას დააკავა.

წარმოშობით მინსკელი შულიაკი აშშ-ში, სავარაუდოდ, 2009 წელს ჩავიდა და ეპშტეინის პარტნიორზე, ჯენიფერ კალინზე დაქორწინდა. რამდენიმე წელიწადში ის ეპშტეინის საყვარელი გახდა და ურთიერთობისას მეტსახელი „ინსპექტორიც“ კი დაიმსახურა პედოფილის მიმართ მისი აკვიატებული თვალთვალის გამო. მისი კავშირი ეპშტეინთან მხოლოდ ფინანსისტის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები