“ამერიკის წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება” – შარმანაშვილი
“ამერიკის წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია.
„ერთია, რას ვიტყვით, ჩვენ და ჩვენი პრეზიდენტი, მეორეა, რას იტყვის, თავად ამერიკის საგარეო უწყება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შედგა და ამ ნაბიჯებს როგორც წინ გადადგმულს, ისე უყურებენ. ასეთი განცხადებები ამერიკელების მხრიდან ოპტიმიზმს გვმატებს. ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია. ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, რადგან ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მსოფლმხედველობა საქართველოსას დეტალებშიც კი ემთხვევა. ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, იქაც ლოცვის თარიღად გამოცხადდა. დეტალების დონეზეც კი საერთო მსოფლმხედველობა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს. საქმის გაფუჭებაა ადვილი, თორემ, შემდეგ ამის შემოტრიალება რთულია. აქ ურთიერთობები ერთჯერადად კი არა, მთელი სპექტრით გაფუჭდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებთ აღდგენას“, – განაცხადა შარმანაშვილმა.