კახა კალაძე ევროკომისიის კვლევაზე: რა თქმა, საქართველოს რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
„მართალია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს წინსვლას, ობიექტურად აფასებს, თუმცა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჩვენთან მიმართებაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძე ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად არის მოხსენიებული.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი რეფორმა განხორციელდეს.
„რა თქმა უნდა, სიახლე არაა, რომ ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის ეკონომიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით, მათ ჩვენი ქვეყნის გამოყენება სურდათ სხვადასხვა მიმართულებით, იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და მეორე ფრონტი გახსნილიყო. მაგრამ ჩვენ ხომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესები დავიცვათ.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციის გზა, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია. ამ გზაზე უამრავი გამოწვევაა, ხშირად ვაწყდებით უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ქვეყანა წინ მიდის, ვინარჩუნებთ მშვიდობას. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.