თეა წულუკიანი თბილისის სამხატვრო სასწავლებელს ესტუმრა და სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი თბილისის სამხატვრო სასწავლებელს ესტუმრა. მინისტრი სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნო და სასწავლებლის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 104-ე საჯარო სკოლის შენობის პირველი სართულის ერთ ფლიგელსა და სარდაფში არის განთავსებული. ინფრასტრუქტურული პრობლემის მიზეზით, კერძოდ, არასაკმარისი სასწავლო ოთახების გამო სასწავლებელს გადატვირთული გრაფიკით უწევს მუშაობა. ეს კი დისკომფორტს უქმნის როგორც პედაგოგებს, ასევე – სასწავლებლის აღსაზრდელებს, ვინაიდან მათ დიდ უმრავლესობას ქალაქის სხვადასხვა რაიონიდან უწევს სასწავლებელში დღის მეორე ნახევარში მისვლა.

ამასთან, როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, კიდევ ერთი გამოწვევა არის ის, რომ სასწავლებლის პედაგოგები პედაგოგის სტატუსით არ სარგებლობენ.

თეა წულუკიანმა მხარდაჭერა აღუთქვა სასწავლებლის ხელმძღვანელობას და აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ სასწავლებელს მის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები