პოლიციის დღესთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

31 მაისს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

“იყო პოლიციელი – მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ოპერატიულობას.

ურთულესია, სახლიდან გასულმა არ იცოდე, შინ დაბრუნდები თუ არა, თუმცა, ეს თქვენი გააზრებული არჩევანია და გისურვებთ, რომ ყველას ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი და, რაც მთავარია, სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაბრუნებოდეთ.

გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური.

და ბოლოს, მინდა, გულწრფელად გითხრათ – ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს!”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები