ლევან დავითაშვილი – “ნამოხვანჰესზე”: შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა
“ჩვენ სწორი ფორმატები უნდა გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი შედეგის მომტანი არ არის.
“ვფიქრობ, კომუნიკაცია შესაძლოა, არ იყო სრულყოფილი. თავიდანვე ამაზე პრემიერმინისტრს ჰქონდა გაცხადება, როდესაც მინისტრებს სთხოვა ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. მე ვიტყოდი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანი, ვისაც უშუალოდ ეხებოდა გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენტურია ამ საკითხში, მუდმივად იყო მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ეს არის როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი. ჩვენ სწორი ფორმატები უნდა გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს. ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან. არცერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია. ჩვენ ვართ ამის მომსწრენი, მათ შორის, უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება. უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვესაუბროთ“, – განაცხადა მინისტრმა.