„ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება, შესაძლოა, 3.00-ის ფარგლებშიც დავიდეს“ – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

“ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება, შესაძლოა, 3.00-ის ფარგლებშიც დავიდეს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ განმარტა, რატომ გამყარდა ეროვნული ვალუტა.

როგორც ეკონომიკის საკითხების ექსპერტი აცხადებს, ეკონომიკის გაჯანსაღების კარგი ტენდენცია გამოიკვეთა.

„რაც შეეხება ლარის გამყარებასა და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებულ სტაბილიზაციას: ეს ყველაფერი მაინც ეკონომიკასა და ეკონომიკურ ტენდენციებზეა დამოკიდებული. პირველ ყოვლისა, ბუნებრივია, ლარზე პოზიტიურად ზემოქმედებს ექსპორტის ძალიან მაღალი ზრდის დინამიკა. ექსპორტი გაზრდილია არა მხოლოდ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არამედ – პანდემიის წინა პერიოდთან შედარებითაც. ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკა უცხოური ვალუტის შემოდინებასთანაა დაკავშირებული და, ბუნებრივია, ეს ლარის კურსზე დადებითად აისახა.
ლარის კურსზე ასევე პოზიტიურად აისახა ფულადი გზავნილებიც, რომელიც გაზრდილია. ამან, რეალურად, თავად ეკონომიკის გაჯანსაღების კარგი ტენდენცია გვანახა.
ამ ტენდენციით, ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ალბათ, 3.00-ის ფარგლებშიც შეიძლება, დავიდეს. ეს ფასებსა და ინფლაციაზე პოზიტურად აისახება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან სწრაფად გამოდის.

„თუ წლის დასაწყისში საკმაოდ დიდი ვარდნა გვქონდა, შემდეგ ეკონომიკამ ნელ-ნელა გამოსვლა დაიწყო და მარტში დადებითი მაჩვენებელი გქვონდა. თუმცა, კუმულატიური, ანუ საშუალო წლიური მაჩვენებელი დღემდე კვლავ უარყოფითია.
მაგრამ თუ ვნახავთ, როგორია ექსპორტის დინამიკა – აპრილში მზარდია, უკვე აპრილ-მაისში ჩვენ არა მარტო დადებითი ზრდის მაჩვენებელი გვექნება, არამედ საშუალო წლიური მაჩვენებლითაც დადებით შედეგზე გავალთ: მაისში კუმულატიური მაჩვენებელი დაახლოებით 2 %-მდე გვექნება. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა რეცესიული, ვარდნის ციკლიდან გამოვიდა.
ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ასე სწრაფად გამოდის ამ რეცესიიდან,  მაინც, ალბათ, ანტიკრიზისული პროგრამის პოზიტიური შედეგია, ანუ იმ ღონისძიებების, რომელსაც ხელისუფლება ანტიკრიზული მენეჯმენტის ნაწილში ახორციელდებდა. ეს ეხებოდა სუბსიდიებსაც, სოციალურ დამხმარებებსაც, ბიზნესის მხარდაჭერასაც“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3056 ლარია. რაც შეეხება ევროს: მისი კურსი 4.0414 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები