ნათია თურნავა – თანამდებობიდან მისი გადადგომის მოთხოვნაზე: ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე, არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია, ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებულები ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამოხვანჰესი“ როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო კარგად მოკვლეული სრულყოფილი პროექტი, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობს. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო – მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში”, – განაცხადა თურნავამ.