ლაშა გოგოლაძე: სისხლის მარაგი სისხლის ბანკში თითქმის არ გაგვაჩნია
“ნებისმიერი სისხლის ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემურია დღეს. სისხლის მარაგი სისხლის ბანკში თითქმის არ გაგვაჩნია”, – ამის შესახებ ნ. კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა, ლაშა გოგოლაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
გოგოლაძემ მოქალაქეებს სისხლის უანგარო დონაციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა
“დღეს არ არსებობს რომელიმე ჯგუფი, რომელიც პრობლემური არ არის, ნებისმიერი ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემურია დღეს. სისხლის მარაგი სისხლის ბანკში თითქმის აბსოლუტურად არ გაგვაჩნია.
მინდა, გითხრათ, რომ სანამ პანდემია დაიწყებოდა, საკმაოდ მაღალი დენადობა იყო დონორთა მაჩვენებლის, თუმცა, პანდემიის პერიოდში ბუნებრივიც არის, რომ დონორთა რაოდენობა იკლებდა გარკვეული მიზეზების გამო.
ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ კოვიდინფექცია გადატანილი პაციენტები, რომლებიც დაახლოებით 60 დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ სისხლის გაცემას და ასევე ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიკეთეს ვაქცინა, 90 დღის განმავლობაში მათ არ აქვთ შესაძლებლობა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩართვის”, – განაცხადა ლაშა გოგოლაძემ.