აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე სროლა იყო, არიან დაღუპულები
ირანის მხრიდან სამმა უცნობმა პირმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მათი დაკავების მცდელობისას ორი მესაზღვრე დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„15 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, სამმა უცნობმა პირმა ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარი სოფელ გენდერა იარდიმლინსკის რაიონში დაარღვიეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მესაზღვრეების მოთხოვნაზე, რომ შეჩერებულიყვნენ საზღვრის დამრღვევებმა მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს, ტვირთი დააგდეს და გაიქცნენ. ორმხრივი სროლის შედეგად ორი მესაზღვრე დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა. ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, ირანის მოქალაქე, დაკავებულია, ხოლო დანარჩენებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს სასაზღვრო ავიაცია ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე 10 კილოგრამი ნარკოტიკი იქნა აღმოჩენილი.
Aa