IOM-მა საპატრულო და ტურისტული პოლიციის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსები ოფიციალურად დაიწყო
IOM-მა დამწყებთათვის, საპატრულო და ტურისტული პოლიციის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსები ოფიციალურად დაიწყო. კურსი ორიენტირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთათვის, რომლებსაც ყოველდღიური კავშირი აქვთ საქართველოში მცხოვრებ ან ქვეყანაში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან.
საქართველოში მზარდი მიგრაციის ფონზე, რაც მოიცავს როგორც ტურისტებს, ისე უცხოელ სტუდენტების, შრომით მიგრანტებსა და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ინგლისური ენის ცოდნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს თანამშრომლებისთვის აუცილებელია, რათა უზრუნველყონ კანონის უზენაესობა მიგრანტთა ადამიანის უფლებების გათვალისწინებით. IOM მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობას თანამშრომლების პროფესიული განვითარებისა და ინგლისურ ენაში საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით და მოხარულია აღნიშნულ საკითხში სამინისტროსთვის ხელშეწყობის შესაძლებლობით.
კურსი შემუშავებულია საქართველოს ბრიტანეთის საბჭოს მიერ და მას ბრიტანეთის საბჭო 14 მაისიდან 3 აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებში, COVID-19-ის არსებული რეგულაციების დაცვით, ჩაატარებს. კურსში მონაწილეობას საპატრულო და ტურისტული პოლიციის 24 თანამშრომელი მიიღებს.
კურსის დაწყებამდე მონაწილეებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს უფროსი – ზვიად ხურცილავა, IOM საქართველოს EMERGE პროექტის კოორდინატორი – მაია ვიბლერი და ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი მიესალმნენ.
“IOM-ს მიაჩნია, რომ მიგრაციის წარმატებული მართვა გარკვეულ უნარებს მოითხოვს და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებაში დავეხმაროთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაციის უნარი ხელს უწყობს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიგრაციის მართვას. IOM ყოველთვის მზადაა მიგრაციის მართვის პრაქტიკის გასაძლიერებლად საჭირო უნარების განვითარებაში“-, განაცხადა IOM-ის EMERGE პროექტის კოორდინატორმა – მაია ვიბლერმა.
აღნიშნული კურსი პროექტის „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
EMERGE სამწლიანი პროექტია, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის სხვადასხვა აქტივობებისგან შედგება. EMERGE მიზნად ისახავს მიგრანტთა უფლებების მხარდაჭერასა და ევროკავშირისა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიგრაციის მართვაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი აქტივობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაა. IOM-მა სამინისტროს თანამშრომელთათვის უკვე გამართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და მიგრაციის საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ. 2021 წელს დამატებით რამდენიმე სემინარი იგეგმება. ინგლისური ენის კურსი ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.