„ისრაელს, ფაქტობრივად, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან უწევს ბრძოლა, შეიძლება, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს“ – ვახტანგ მაისაია

“ისრაელს, ფაქტობრივად, ბრძოლა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ტერორიზმთან უწევს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისაიამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს.

„ახლო აღმოსავლეთში ამ მძიმე გამოწვევამ მთელი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა თავდაყირა დააყენა. სიტუაციას გამწვევებას არავინ მოელოდა, განსაკუთრებით – ღაზას სექტორში. თუმცა, ღაზას სექტორსა და რამალას, მეორე ავტონომიის ტერიტორიებზე, არასტაბილურობის კერები ყოველთვის იყო ხოლმე. მაგრამ ასეთი სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია მე პირადად არ მახსოვს.

სიტუაცია ღაზას სექტორსა და ისრაელში საკმაოდ მძიმეა. მე, როგორც სამხედრო პოლიტოლოგმა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს საკმაოდ სერიოზული კონფლიქტია, რომელიც როგორც დაბალი სამხედრო ინტენსივობის კონფლიქტი, დაიწყო და იმედია, რომ ლოკალური ომის დონზე არ ავა. ლოკალურ ომში იგულისხმება ირანსა და ისრაელს შორის არსებული საომარი მოქმედებების დაწყება. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს. ის ეხმიანება ისეთი არაბული ტეროტრისტული ორგანიზაციის დოქტრინებს, როგორიცაა „ჰამასი“, „ჰესბოლა“ და ა.შ. ეს ორგანიზაციები სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო, საშიში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ისინი ასევე გაერო-ს ანტიტერორისტული კომიტეტის რეესტრშია შეყვანილი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელს ბრძოლა საერთაშორისო ტეროროსტულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ტერორიზმთან უწევს. მინდა, აღვნიშნო ის გარემოება, რომ ირანსა და ისრაელს შორის სახმელეთო ოპერაციების დაწყება საკმაოდ რეალური სცენარია. ირანი და ისრაელი ლოკალური ომის სცენრის განვითარებასთან ჯერ კიდევ შარშან იყვნენ ახლოს. მაშინ საერთაშორისო საზოგადეობა ჩაერია და ეს პროცესი შენელდა“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, ისრაელის წინააღმდეგ შეტევა წინასწარ დაგეგმილი და კარგად კოორდინებული იყო.

„პალესტინურმა რადიკალურმა ჯგუფებმა, ფაქტობრივად, „ინტიფადა 2 -ის“ პროცესი დაიწყეს. „ინტიფადა“ დაუმორჩილებლობისა და აჯანყების მომენტია. პირველი „ინტიფადა“ 1987-90 წლებში იყო.

ოფიციალურად პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასია, რომელიც არის „ფათხის“, ზომიერი პალესტინური გაერთიანების ლიდერი. ჰამასმა ხელში ჩაიგდო სიტუაცია ღაზას სექტორში. ღაზას სექტორი, ფაქტობრიავდ, ანკლავად გადაიქცა, სადაც საშიში ტერორისტების მომზადება ხდება. ეჭვს იწვევს ის, თუ როგორ მოახერხეს „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა სერიოზული სარაკეტო კომპელქსების შეტანა, რადგან ისრაელის მიმართულებთ ბოლო დღებში 1 400-მდე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ასეთი სერიოზული შეტევა ამ კონფლიქტის მანძილზე არ დაფიქსირებულა. როგორც ჩანს, „ჰამასისა“ და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების მიერ ასეთი ტიპის ქმედებების დაწყება წინასწარ იყო დაგეგმილი. ეს იყო კარგად კოორდინებული ქმედება. პალესტინის რადიკალური ჯგუფები ელოდებოდნენ საბაბს, ეს საბაბიც გაჩნდა, როცა საუბარი იყო იერუსალიმის მარჯვენა ნაპირიდან პალესტინური ოჯახების გასახლების თემაზე. მეორე საკითხი ალ-აქსის მეჩეთთან შეტაკებებს ეხებოდა. ჰამასმა ეს ისრაელზე თავდასხმების საბაბად გამოიყენა. ორივე მხარე უკვე სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება.

რა თქმა უნდა, ისრაელი საპირისპირო ქმედებას ახორციელებს. უნდა ვთქვათ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას სექტორშიც იღუპება. ეს ტრაგიკული მოვლენაა. ვანდალური ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელის მოსახლეობის მიმართ უნდა შეწყდეს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორივე მხარე ადასტურებს იმას, რომ მდგომარეობა ესკალაციის ზღვარზე მივიდა. შეიძლება, უახლოეს ხანში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. ამ დაძაბვის შემდეგ კი შესაძლოა, მხარეები გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ“, – განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, პალესტინელი ოჯახების გამოსახლებასთან დაკავშირებული პროტესტი და ალ-აქსის მეჩეთის საპოლიციო რეიდი ისრაელსა და პალესტინელებს შორის მწვავე, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით 1500-ზე მეტი რაკეტაა ნასროლი.

ისრაელის არმიის მონაცემებით, 350-მდე რაკეტამ სამიზნემდე ვერ მიაღწია, კიდევ რამდენიმე ასეული კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელის ბოლო საპასუხო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში განადგურებულია „ჰამასის“ ფინანსური ცენტრი და დაზვერვის შენობა.

იერიშები გრძელდება. გაერო „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზე მიუთითებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები