„ბოლო 13 თვის მანძილზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა პირველად დაფიქსირდა“ – სოსო არჩვაძე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების შესახებ

ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში გაუმჯობესების ტენდენცია გამოიკვეთა. ამის შესახებ არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სოსო არჩვაძემ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება შეაფასა.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკაში იოლი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მდგომარეობა დიდწილად გარე, არაეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. სანამ პანდემია, კოვიდ 19-ით მიღებული ნეგატიური ეფექტი საბოლოოდ არ იქნება დამარცხებული, მანამდე ჩვენი ეკონომიკა, თითოეული ჩვენგანის ეკონომიკური კეთილდღეობა აღნიშნული მდგომარეობის მძევალი იქნება.
პროგნოზი დამოკიდებულია იმ სამედიცინო-ბიოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც კოვიდს უკავშირდება. თუ ამ ფაქტორს, ინფექციის გავრცელების მასშტაბებსა და ზეგავლენას გამოვრიცხავთ, საზოგადოებაში, მის ეკონომიკაში გატარებული რეფორმების შედეგად დიდი პოზიტიური მუხტია დაგროვილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წინ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ. მაგალითად, მარტის თვის მონაცემებით, 4 %-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს შეიძლება, დიდი არ არის, მაგრამ ბოლო 13 თვის მანძილზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა პირველად დაფიქსირდა. ვფიქრობ, აპრილშიც ზრდას ექნება ადგილი, თუმცა, ეს ზრდა იქნება არა მარტო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესების ხარჯზე, არამედ იმის გამო, რომ გასულ წელს აპრილში მნიშვნელოვანი, თითქმის 17 %-იანი ვარდნა გვქონდა. ამასთან შედარებით, ამჟამინდელი პროგრესი მაინცდამაინც სატრაბახო არაა, მაგრამ გაუმჯობესების ტენდენცია ცალსახაა. ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქცია უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი. ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მოცულობამ მარტში ისტორიულად, სიდიდის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა. ეს მიანიშნებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მასშტაბით მოთხოვნა შემცირებულია, ქართულმა პროდუქციამ მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ სტაბილური ადგილის დაკავება მაინც შეძლო. ეს მდგომარეობა გაგრძელდება“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ეკონომისტმა ინფლაციის დონის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფლაციის თანდათანობით შემცირებას უნდა ველოდოთ.

„ჩვენ ინფლაციის დაახლოებით 7, 2 %-ის დონე გვქონდა, თუმცა, იმისდა მიხედვით, როგორ კრიტიკულად მივუდგებით აღნიშნულ მაჩვენებლს, შეიძლება ვიკამათოთ, ეს მეტი უნდა იყოს თუ ნაკლები. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ არ გვქონია, მაშინ 12, 2 % იყო.
ეს ინფლაციაც არ არის წმინდა შიდა მდგომარეობით წარმოქნილი. ახლა, ფაქტობრივად, გარე ფაქტორებთან გვაქვს საქმე, როცა, ერთი მხრივ, ლარი უფასურდება და, მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ის იმპორტირებული პროდუქცია, როლის მომხარებელიც ქართული საზოგადეობაა, ძვირდება. ორმაგი დეფლირების პრინციპის გამო, სამომხარებლო ფასები გაიზრდა, განსაკუთრებით კი – პირველადი მოხმარების საგნებზე, ნახსენები იყო ზეთი, შაქარი, ზოგიერთი სხვა პროდუქცია, რამაც განსაკუთრებით ფიქსირებულ, დაბალშემოსავლიან კატეგორიის მოსახლეობას, პენსიონრებს დაარტყა. მაგრამ, ეს ის მოცემულობაა, რომელშიც ცხოვრება გვიხდება. გრელვადიან პერსპექტივაში არ ველოდები, რომ ორნიშნა ინფლაციას ექნება ადგილი. მოთხოვნის მხრივ ეს ფაქტორი თითქმის ნულზე დასული, რაც შეეხება ხარჯების მხარეს, ეროვნული ბანკის პოლიტიკა და მსოფლიო ბაზარზე ფასების მეტ-ნაკლები სტაბილურობა უზრუნველყოფს იმას, რომ იმპორტირებული სა მქონელი ისე აღარ გაძვირდეს, როგორც ბოლო თვეებში. ვფიქრობ, ეს 7, 2 %-იანი ინფლაცია ერთერთი მაღალი იქნება წელს და თანდათანობით მის შემცირებას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა არჩვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4 პროცენტით, რაც 1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.1-პროცენტიანი მატება, რაც 1.14 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8 პროცენტით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1 პროცენტი), თევზეული (9.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (16.3 პროცენტი)“, – ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას: 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.
„2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში“, – განაცხადეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები