სააკაშვილი: უკრაინის მთავრობამ ყირიმი თავიდანვე ჩააბარა, მათ იქ აგარაკების გარდა ინტერესები არ გააჩნდათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული კიევის მიერ თავიდანვე იყო მოსკოვისთვის ჩაბარებული, რადგან ქვეყნის მაშინდელი მთავრობისთვის ყირიმი დიდი ინტერესს არ წარმოადგენდა.

ამის შესახებ მან Deutche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საზღვართან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას სააკაშვილმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ვერ შეიჭრებოდა, რადგან ამისთვის საჭირო იყო მისი მთელი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალები, რისი საშუალებაც მას არ გააჩნდა.

​სააკაშვილის თქმით, საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზება უკავშირდებოდა “რუსეთში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს, პუტინს ასევე ჰქონდა მცდელობა ზელენსკის დასჯის, თითქოს, აუცილებელია მისი დასჯა, მისი აზრით, იმპერიული აზროვნებიდან გამომდინარე; ასევე სურდა, ეჩვენებინა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის თავის ადგილი; ეს უფრო დიპლომატიური მანევრი იყო. მას უნდოდა, ენახა დანარჩენი მსოფლიოსა და უკრაინელების რეაქცია. მაგრამ ის, რომ ყოველთვის აქვს საკმარისი რესურსი, შიდა პროვოკაცია მოაწყოს, ჩემში ეჭვს არ იწვევს”.

“არ მგონია, რომ უახლოეს თვეებში ფართომასშტაბიანი შეჭრა მოხდეს, მაგრამ არსებობს ალბათობა იმის, რომ მოხდება რამდენიმე მიმართულებით სამხედრო პროვოკაციები. პირველ ყოვლისა, მარიუპოლში, ასევე იქ, სადაც ყირიმის წყლით მომარაგება ხდება, შესაძლოა, ნებისმიერი ადგილი იყოს ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, სადაც მათი აგენტურული, დივერსიული ჯგუფები მზადდება. დარწმუნებული ვარ, ეს ყოველთვის ხდება”, – თქვა სააკაშვილმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას ქალაქ მარიუპოლის სტრატეგიული მნიშვნელობა კარგად არ ესმის, რადგან მმართველი ელიტისთვის ეს ქალაქი არაფერს წარმოადგენს.

“დღეს მარიუპოლი პუტინს გაცილებით მეტად ადარდებს, ვიდრე რომელიმე ჩინოვნიკს კიევში, ზუსტად ისე, როგორც ყირიმში მოხდა. მათ არ აინტერესებდათ ყირიმი, თავიდანვე ჩააბარეს ყირიმი იმიტომ, რომ მათ ყირიმში ინტერესები არ ჰქონდათ, გარდა აგარაკებისა, რომლებიც იქ ჰქონდათ. ასეთივე მიდგომაა ამჟამად მარიუპოლში. კიევში უნდა გამოიღვიძონ, არ უნდა დატოვონ ბედის ამარა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი, რაც შეიძლება, საერთო უკრაინული და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფით დასრულდეს”, – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები