გააძევებენ თუ არა ევროკავშირიდან რუს დიპლომატებს – ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საგარეოპოლიტიკურ სამსახურში დაიბარეს

ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვლადიმერ ჩიჟოვი ევროპის საგარეოპოლკიტიკურ სამსახურში, მოსკოვის მიერ ევროკავშირის 8 მოქალაქისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის დაწესებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ განაცხადა.

30 აპრილს რუსეთის საგარეო უწყებამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 8 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნული მოსკოვის საპასუხო ზომა გახდა. ევროსაბჭომ 2 და 22 მარტს რუსეთის 6 მოქალაქეს შეზღუდვები დაუწესა. 2 მარტს ევროსაბჭომ სანქციები ალექსი ნავალნის, ხოლო 22 მარტს ლგბტ თემისა და ჩეჩნეთში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების გამო დააწესა.

როგორც პეტერ სტანომ განაცხადა, “ელჩის მიმართ მტკიცე პროტესტს გამოვთქვამთ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არავითარი კანონიერი დასაბუთება არ აქვს”.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ევროკავშირიდან რუსი დიპლომატების გაძევება მოხდეს, სტანომ უპასუხა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები.

“და ეს არ უკავშირდება მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთმა 30 აპრილს მიიღო. ეს მანამდე დაიწყო, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში – ჩეხეთში განხორციელებული მოვლენების გამო. რუსეთი კონფრონტაციის გზას ადგას”, – თქვა ევროპელმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები