ბაშარ ასადი, რომელმაც სოხუმისა და ცხინვალის ე.წ.დამოუკიდებლობა აღიარა, სირიის პრეზიდენტად მესამე ვადით იყრის კენჭს

სირიაში 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ბაშარ ასადის გარდა, რომელიც ქვეყანას 2000-იანი წლიდან ხელმძღვანელობს, ქვეყნის პირველი პირის სავარძლისთვის აბდალაჰ სალუმ ანდალაჰი და მაჰმუდ აჰმად მერი იბრძოლებენ.

ამის შესახებ ქვეყნის უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოჰამად ლიაჰამმა განაცხადა.

ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტად პირველად 2000 წლის 17 ივლისს აირჩიეს. ასევე, მან 2007 წლის არჩევნებში გაიმარჯვა; 2014 წლის 3 ივნისს მან ქვეყნის პირველი პირის სავარძელი 88,7% -ით კვლავ დაიკავა, თუმცა, 2014 წლის არჩევნები მიმდინარეობდა სამოქალაქო ომის პირობებში და ბოიკოტირებულ იქნა ოპოზიციის მიერ.

არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული დასავლეთში.

სირიაში პრეზიდენტი 7 წლის ვადით ირჩევა.

ბაშარ ასადის მთავრობამ 2018 წლის 29 მაისს აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები