“ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის და ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთე უნდა იყოს” – გერმანიის პირველი დიპლომატი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას.

მისი თქმით, დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს თავისუფალი ინფორმაციის გარეშე.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის დროს ჟურნალისტების მუშაობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, ასევე, გაცილებით რთული გახდა.

მაასის თქმით, მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ხელს უშლის მედიის თანამშრომელთა საქმიანობას ინფექციასთან ბრძოლის მოტივით, რაც ხელს უწყობს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

დიპლომატმა ასევე პროფესიული საქმიანობის დროს დაღუპული ჟურნალისტებიც გაიხსენა, “მხოლოდ 2020 წელს მოკლეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, მრავალი დააკავეს და აწამეს კიდეც”.

“საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, გასულ წელს 400 ჟურნალისტი დააკავეს. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის და ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთე უნდა იყოს”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

3 მაისს მსოფლიოში პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა, იუნესკო-სთან თანამშრომლობით, ნამიბიის სემინარზე ცნობილი “ვინდჰუკის” დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია თავისუფალ, დამოუკიდებელ, პლურალისტურ მედიას განსაზღვრავს, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აუცილებელ ფაქტორს. ორი წლის შემდეგ კი, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს მათი მოვალეობა – პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლითაა გარანტირებული.

გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიისა და განვითარების მთავარი პრინციპია.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, “ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე, თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები