გერმანიაში პოლიციელთა პროფკავშირები ანტისაკარანტინო აქციების აკრძალვას ითხოვენ
გერმანიის პოლიციელთა კავშირის თავმჯდომარე, რაინერ ვენდტი აცხადებს, რომ აუცილებელია ანტისაკარანტინო აქციებზე ფედერალური აკრძალვის დაწესება.
მისი აზრით, ასეთი ღონისძიებების დროს “კანონის დარღვევა თავიდანვეა ჩადებული”, რადგან აქციის მონაწილეთა უმრავლესობა დისტანციას არ იცავს და პირბადეს არ ატარებს.
რაინერ ვენდტის თქმით, ასეთ დროს რთულია, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს აუხსნა, თუ რატომ უნდა დაიცვან მათ ე.წ.კომენდანტის საათი მაშინ, როდესაც ასეთი ღონისძიებების მონაწილეები ქუჩებში გვიანობამდე იმყოფებიან.
პირველ მაისს ანტისაკარანტინო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის დროს, ოფიციალური მონაცემით, 93 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 354 პირი.
ამასთანავე, გერმანიის ქალაქებისა და კომუნების ხელისუფლებები ფედერალური მთავრობისგან ითხოვენ “ლოქდაუნიდან” გამოსვლის ერთიანი გეგმის ჩამოყალიბებას.
როგორც Rheinische Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ქალაქთა და თემთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გერდ ლანდსბერგმა განაცხადა, “ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, ასი ათას მოსახლეზე გათვლით. ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ მალე გადავლახავთ მესამე ტალღას. თუ ზაფხულში ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზრდება, ცხოვრება ნორმალურს მიუახლოვდება”.
მისივე თქმით, ასეთ პირობებში ფედერალურმა მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ერთიანი გეგმა შეზღუდვების შესამსუბუქებლად.
”პანდემიურ პირობებში ერთ წელზე მეტი ხნის ყოფნის შემდეგ, სულ უფრო და უფრო რთულდება მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ ვმოძრაობთ ისევ დახუჭული თვალების რეჟიმში”, – თქვა მან.