“თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ცოდნა ძალაა”, – ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.
როგორც დიპლომატმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, შეერთებული შტატები განაგრძობს პრესის თავისუფლების, მთელს მსოფლიოში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა როგორც ინტერნეტში ისე, მის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერას.
“პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს შეერთებული შტატები განაგრძობს პრესის თავისუფლების, მთელს მსოფლიოში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა როგორც ინტერნეტში ისე, მის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერას. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ცოდნა ძალაა”, – დაწერა დიპლომატმა სოციალურ ქსელში.
3 მაისს მსოფლიოში პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა.
1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა, იუნესკო-სთან თანამშრომლობით, ნამიბიის სემინარზე ცნობილი “ვინდჰუკის” დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია თავისუფალ, დამოუკიდებელ, პლურალისტურ მედიას განსაზღვრავს, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აუცილებელ ფაქტორს. ორი წლის შემდეგ კი, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს მათი მოვალეობა – პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლითაა გარანტირებული.
გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიისა და განვითარების მთავარი პრინციპია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, “ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე, თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია”.