ევაკუაცია და შეიარაღებული დაპირისპირება ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე – არიან დაშავებულები (ვიდეო)

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.

ტაჯიკური მხარის ცნობით, ყირგიზეთის მხარე უკანასკნელი დღეების განმავლობაში ორმხრივი შეთანხმების პირობებს ხშირად არღვევდა და გეგმავდა, მიეტაცებინა გოლოვნის წყალგამანაწილებელი პუნქტი.

ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრი იუწყებოდა, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. დაპირისპირება მხარეებს შორის ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ღამით კი კონფლიქტი გამწვავდა და ტაჯიკეთის მოსახლეობის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ოთხი ყირგიზელი დაიჭრა. ყირგიზეთმა ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.

ტაჯიკური მხარე კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები