გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ დეტალები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„2021 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ტყის ახალი კოდექსი, რომლიც ახალ მიდგომებსა და რეგულაციებს აწესებს. ამასთან, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სატყეო მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს და განვითარდეს. ამ კუთხით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მოხარულები ვართ ახალი პროექტის დაწყებით და სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, ჩართულ ორგანიზაციებს დავეხმაროთ დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. როგორც შეხვედრაზე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა აღნიშნა, ესტონეთის რესპუბლიკა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სატყეო რეფორმის განხორციელებაში და მდგრადი გარემოსდაცვითი მიმართულებების პროცესების წარმართვაში. პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, კომპანია Timbeter, კომპანიასთან Green Advisor ერთად, საქართველოში ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციას დანერგავს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას, დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები