ინდოეთის პრემიერი ქვეყანაში “კორონავირუსულ ქარიშხალზე” საუბრობს – ევროპა და აშშ ინდოეთისთვის დახმარების აღმოსაჩენად ემზადებიან

ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, ქვეყანაში “კორონავირუსული ქარიშხალი” მძვინვარებს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“პირველ ტალღასთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ აღტაცებულები ვიყავით, მაგრამ ამ ქარიშხალმა ჩვენი ერი შეძრა”, – თქვა მან.

ინდოეთში უკვე თითქმის ორი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. მაგალითად, ბოლო 24 საათში 349 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ფონზე, დელიში საავადმყოფოები პაციენტების მიღებაზე უკვე უარს ამბობენ, რადგან ჟანგბადისა და საწოლების მწვავე უკმარისობას განიცდიან. მაგალითად, 23 აპრილს დელის საავადმყოფოში ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეიდან, ნიდერლანდები ინდოეთში ფრენებს აჩერებს.

თუმცა, დახმარების გაჩენის მზაობა გამოთქვეს გერმანიაში, ევროკავშირსა და აშშ-ში.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო ინდოეთთან სოლიდარულია და მხარდაჭერის მისიას ამზადებს.

აშშ გეგმავს, ინდოეთს საჭირო აღჭურვილობა და მედიკამენტები მიაწოდოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიქ სალივანმა ინდოელ კოლეგასთან, აჯიტ დოვალთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, “ინდოეთმა აშშ-ს დახმარება აღმოუჩინა, როდესაც შეერთებულ შტატებში საავადმყოფოები იყო გადავსებული და ახლა მზად ვართ, დავეხმაროთ ინდოეთს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება”.

აღინიშნება, რომ აშშ გაგზავნის ინდოეთში სამედიცინო მუშაკების დამცავ საშუალებებს, თერაპევტულ საშუალებებს, ექსპრეს-დიაგნოსტიკისთვის საჭირო აღჭურვილობა, სუნთქვის აპარატებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.

ასევე, მხარდაჭერისთვის ემზადება ევროკავშირი. როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, “მზად ვართ, დავეხმაროთ ინდოეთს. ევროკავშირი აერთიანებს საშუალებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იყოს მობილიზებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები