ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა

ციხეში მყოფი რუსი ოპოზიონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს.

ამის შესახებ მან “ინსტაგრამში” დაწერა.

”წინსვლისა და ყველა ვითარების გათვალისწინებით, შიმშილობიდან გამოსვლას ვიწყებ. წესების თანახმად, აღნიშნულს იგივე 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ კიდევ უფრო რთული იქნება. ასე რომ, წარმატებები მისურვეთ”, – წერს ნავალნი.

ალექსეი ნავალნი 31 მარტიდან შიმშილობს.

პოლიტიკოსი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და ამბობს, რომ ამის წყალობით ის სამოქალაქო ექიმებმა უკვე ორჯერ მოინახულეს, მას გამოკვლევა და ანალიზები უტარდება, აცნობენ შედეგებსაც.

ასევე,  როგორც ნავალნი ამბობს,  შიმშილობის შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მასთან სოლიდარობის ნიშნად ასევე გამოაცხადა შიმშილობა, მათ შორის, ბესლანის ტრაგედიის დროს დაზარალებულებმა.

“როდესაც ეს წავიკითხე, თვალებზე ცრემლები მომადგა. ღმერთო, ამ ხალხს ხომ საერთოდ არც ვიცნობ და ისინი ასეთ რაღაცაზე მიდიან ჩემთვის. მეგობრებო, ჩემი გული სიყვარულით არის აღსავსე, მაგრამ არ მინდა, რომ ვინმემ ჩემ გამო ფიზიკური ტანჯვა განიცადოს”, – წერს პატიმარი ნავალნი.

შიმშილობის პერიოდში ნავალნი ვლადიმირის კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას კვალიფიციური მკურნალობა არ უტარდება. კერძოდ, მას წვეთოვანებს არ უდგამენ, რადგან მედდები “ვენას ვერ პოულობენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები