რუსეთმა ყირიმში სწავლება დაასრულა, ჯარი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებში სწავლება დასრულდა და მან დისლოკაციის ადგილებში პირადი შემადგენლობის დაბრუნების განკარგულება გასცა.

“ვფიქრობ, მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად იქნა მიღწეული. ჯარებმა აჩვენეს, რომ გააჩნიათ ქვეყნის საიმედო თავდაცვის შესაძლებლობები. რუსეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად რეაგირებენ საზღვრებთან სიტუაციის ყველა ცვლილებაზე. აქ, ყირიმში შემუშავებულია ზღვის სანაპიროზე ანტისადესანტო თავდაცვის ქმედებები”, – თქვა შოიგუმ.

მან გენერალურ შტაბს ჯარის შემოწმების დეტალური ანალიზი და შეჯამება დაავალა.

შოიგუს თქმით, სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის, ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის, მე -7, 76-ე და 98-ე საჰაერო სადესანტო დივიზიების პირადი შემადგენლობა დაბრუნდება მუდმივ განლაგების პუნქტებში 1-ელ მაისამდე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში წვრთნებში ათი ათასზე მეტი ჯარისკაცი და შეიარაღებისა და ტექნიკის 1,2 ათასი ერთეული იყო ჩართული, მათ შორის, სანაპირო სარაკეტო სისტემები “ბალ” და “ბასტიონი”, თავდასხმითი უპილოტო საფრენი აპარატები “ინოხოდეცი”, ჩქაროსნული საპატრულო კატარღები “რაპტორი”.

შოიგუმ ყველა სამხედრო ოლქში საკონტროლო შემოწმების დაწყება აპრილის დასაწყისში გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები