საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისა და რეგულარული ფრენების ნებართვის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მა მომართა. შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება.