შოიგუმ კავკასიის რეგიონში ნატო-ს გააქტიურებასა და მის შეკავებაზე ისაუბრა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების ზრდა უკავშირდება ნატო-ს მცდელობებს, შეეწინააღმდეგოს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას.
ამის შესახებ მან უწყების კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
”ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის რიგ ქვეყნებში არასტაბილური ვითარება შეინიშნება. ალიანსის მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს მის ნორმალიზაციას, გვაიძულებს სტრატეგიული შეკავების სიმეტრიული ზომების მიღებასა და სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას”, – თქვა შოიგუმ.
მინისტრის თქმით, საბრძოლო ძალების გაუმჯობესების ფარგლებში, გასულ წელს ჩატარდა 54 ორგანიზაციული ღონისძიება, რომელთაგან მთავარი იყო კიდევ ერთი მოტომსროლელი დივიზიის ფორმირება.
”ამავდროულად, მიმდინარეობს ოლქის უწყვეტი გადაიარაღება. 2020 წელს ჯარებმა მიიღეს 3,2 ათასზე მეტი ერთეული თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ხოლო მათი წილი სამხედრო ნაწილებსა და ფორმირებებში 70% შეადგენდა”, – თქვა შოიგუმ.
მან აღნიშნა, რომ სამხედრო სარდლობის ორგანოების მომზადებისას გამოიყენება ახალი სამეთაურო სისტემები, გაიზარდა პრაქტიკული ღონისძიებების ხარისხი.
მისი თქმით, სამხრეთ სამხედრო ოლქის საქმიანობის გეგმების განხორციელება განიხილება რუსეთის პრეზიდენტის მაისის ბრძანებულებების შესრულებისა და სოჭში შეხვედრების შემდეგ მისი მითითებების ფარგლებში.