ლევან სურგულაძე: საქართველო, ნაბიჯ-ნაბიჯ, “ფეხს იკიდებს” გლობალური კაპიტალის ბაზარზე

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ახალი ევრობონდების ემისიას ეხმაურება.

როგორც ის განმარტავს, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ახალი, 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდების ემისია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის კონიუნქტურისა და ბაზარზე არსებული დაბალი საპროცენტო შემოსავლიანობის გარემოს გათვალისწინებით  დროული იყო.

“საქართველოს ახალი ევრობონდების უპრეცედენტოდ წარმატებული ემისია.

500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ახალი, 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდების ემისია, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის კონიუნქტურისა და ბაზარზე არსებული დაბალი საპროცენტო შემოსავლიანობის გარემოს გათვალისწინებით იყო დროული, ოპტიმალური და უპრეცედენტოდ წარმატებული – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სხვა ჩართული სუბიექტების მიერ დიდი და ეფექტურად ჩატარებული სამუშაოს შედეგი.

მოთხოვნა საქართველოს ახალ სუვერენულ საკრედიტო ინსტრუმენტზე 4-ჯერ აღემატებოდა დივერსიფიცირებულ მოთხოვნას საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისგან და მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულებით (at par) განთავსება იყო ბუნებრივი. შესაბამისად, დაფიქსირებული წლიური კუპონი 2.75%, რომელიც at par-ზე განთავსებისას, ინსტრუმენტის შემოსავლიანობის ტოლია, არის ძალიან კარგი პირობა, მათ შორის, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე შემოსავლიანობას, იგივე ან ერთი საფეხურით უკეთესი ან უარესი საკრედიტო რეიტინგის მქონე, რეგიონის ან სხვა ქვეყნების მიერ გამოშვებულ ანალოგიური (დარჩენილი) ვადიანობის სუვერენულ ობლიგაციებზე.

მაგალითად, სომხეთმა მიდინარე წლის იანვარში, მოახდინა 10-წლიანი ევროობლიგაციების ემისია, წლიური კუპონით 3.6%. იმის გათვალისიწნებით, რომ განთავსება დისკონტით მოხდა (ნომინალის 0.977 ნაწილი მიიღეს), შემოსავლიანობა 3.875%-ზე დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელსაც, საქართველოს მსგავსად BB საკრედიტო რეიტინგი აქვს, გამოშვებული აქვს სუვერენული ობლიგაცია, რომლის დარჩენილი ვადიანობა 5 წელია, წლიური კუპონი 4.875%, ხოლო მიმდინარე შემოსავლიანობა 3.42%. უზბეკეთს, BB- საკრედიტო რეიტინგით, გამოშვებული აქვს სუვერენული ობლიგაცია 7 წელზე მეტი დარჩენილი ვადიანობით, წლიური კუპონით 5.375% და მიმდინარე შემოსავლიანობით 3.81%.

2021 წლის 15 აპრილისთვის ამერიკის ფედერალური რეზერვის საკრედიტო 5-წლიანი შემოსავლიანობის განაკვეთი გახლდათ წლიური 0.81%, რომელიც აღიარებულია, როგორც ურისკო განაკვეთი. სხვაობა საქართველოს ევრობონდების განთავსებისას დაფიქსირებულ წლიურ შემოსავლიანობასა და იმავე ვადიანობის (5 წელი) ფედერალური რეზერვის საკრედიტო შემოსავლიანობას შორის: 2.75% – 0.81% = 1.94% ან 194 ბაზისური პუნქტი განსაზღვრავს საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა რისკს, რომელიც ქვეყნის საკრედიტო რისკში აისახება. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და ასახავს საერთაშორისო ბაზრის მონაწილეთა ოპტიმიზმს საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტაბილურობის მიმართ.

შესაბამისად, დროული იყო ამ ოპტიმიზმზე კაპიტალიზაცია და უპრეცედენტოდ იაფი და გრძელვადიანი ფულის მოზიდვა გლობალური კაპიტალის ბაზრიდან. ამ ქმედებას სხვა ბენეფიტებიც აქვს. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ “ფეხს იკიდებს” გლობალურ კაპიტალის ბაზარზე, იქმნის საკრედიტო ისტორიას და მომავალში შეძლებს, საჭიროებისამებრ, კიდევ უფრო მეტ და კიდევ უფრო კარგ პირობებზე გრძელავდიანი კაპიტალის უპრობლემოდ მოზიდვას. იმავდროულად, უცხოელი ინსტიტუციური და მათ უკან მდგომი ინდივიდუალური ინვესტორები უფრო ახლოს გაიცნობენ ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ ნდობის და ინტერესის გაჩენას. ეს, თავის მხრივ, კრიტიკულია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის”, – წერს სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები