შოთა გულბანი: უნდა გვესმოდეს, რომ როცა საუბარია ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე
“უნდა გვესმოდეს, რომ როცა საუბარია ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე ან თბილისი მისი წყალმომარაგებით ჟინვალის წყალსაცავის გარეშე”, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.
გულბანი ფეისბუქპოსტში ჰესების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიებისა და ინციდენტების შემთხვევები – რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო შუახევი ჰესის, მესტიაჭალაჰესის, ბახვი ჰესისა და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების ეტაპებზე.
ამ მიმართულებით ჯერ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რაც, პირველ ყოვლისა, უნდა დაიწყოს საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებითა და უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებით. უნდა ითქვას, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მშენებარე ჰესებს. საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ ასევე ექსპლუატაციაში მყოფი, ჩვენი „ძველი ჰესების“, ჰიდრო ნაგებობების საიმედოობის უზრუნველყოფაზე. მათი საშუალო ასაკი 60 წელს გადასცილდა და ამ მიმართულებით გვმართებს გაცილებით „მეტი“ ყურადღება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი მრავალწლიანი უავარიო და უსაფრთხო ოპერირება.
ვფიქრობ, აქ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო, ნორმატიული დოკუმენტების დამუშავება განვითარება და შესაბამისი დავალებების მიცემა პასუხისმგებელი სამინისტროებისთვის. ენგურჰესის მიმდინარე რეაბილიტაცია, მისი სადაწნეო 15 კმ და 9.5 მ დიამეტრის გვირაბის რემონტი უმნიშვნელოვანესი პროცესია და ამ ეტაპის წარმატებით დასრულებას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უნდა გვესმოდეს, რომ როცა საუბარია ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე ან თბილისი მისი წყალმომარაგებით ჟინვალის წყალსაცავის გარეშე”, – წერს გულბანი.